17-18 საუკუნექართულიწყაროები

ქართველების ხასიათი და გარეგნობა

ამ მონაკვეთში ვახუშტი ბატონიშვილი (1696 – 1757) აღწერს ქართველების ხასიათს და გარეგნობას / Vakhushti Bagrationi (1696 – 1757) is describing the main characteristics of georgians

ხოლო კაცნი ამის ქვეყნისანი არიან სარწმუნოებით ქრისტიანენი, რომელთა მიიღეს ჰრომით ჟამსა დიდის კონსტანტინესასა და სილიბისტროსსა წესნი და რიგნი ძველნი ბერძენთა ბასილის კაბადუკიერლისათა და შვიდის კრებისა უპყრავთ მტკიცედ, არამედ მძლავრებით უკეთუ ვინმე მიიქციოს, ოდეს იცის ჟამი, კვალად ეგების ქრისტიანედ შემნანე.

ხოლო ანაგებით არიან კაცნი და ქალნი შვენიერნი, ჰაეროვანნი, შავ თვალ-წარბ-თმოსანნი, თეთრყირმიზნი, იშვით შავგვრემან და მოყვითან, იშვით თვალჭრელ და გრემანი, და მწითურ ანუ თეთრ.

ქალთა თმა გარდაშვებული და დაწნული, ხოლო კაცთა – ყურთა ზედა მოკვეცილნი.

წერწეტნი, უმეტეს ქალნი, იშვით სქელნი. მხნენი მუშაკნი, ჭირთა მომთმენნი, ცხენსა ზედა და მხედრობათა შინა კადნიერნი, მკვირცხლნი, მსწრაფლნი (რამეთუ ვიეთნი ლგ ეჯს იდ ჟამს გაირბენს), სალაშკროთაა შინა ახოვანნი, საჭირველთ მოყვარენი, ამაყნი, ლაღნი, სახელის მაძიებელნი (ესრეთ, რამეთუ თვსთა სახელთათვის არა რიდებენ ქვეყანასა და მეფესა თვისსა), სტუმართა და უცხოთ მოყვარენი, მხიარულნი (უკეთუ ორნი ანუ სამნი არიან, არარაჲ შეიჭირვიან), უხვნი (არცა თვისსა და არცა სხვისას კრძალვენ), საუნჯეთა არა მმესველნი, გონიერნი, მსწრაფლმიმხდომნი, მჩემებელნი, სწავლის მოყვარენი (არამედ არს ჟამი რაოდენიმე, არღარა ისახელების ცოდნა, თვინიერ წიგნის კითხვისა და წერისა, გალობა-სიმღერისა და სამხედროსაგან კიდე და ჰგონებენ დიდმცოდინარობად), ურთიერთის მიმყოლნი, სიკეთის დამსწავლელნი და მიმგებელნი, სირცხვილის მდევარნი, კეთილ ბოროტზედ ადრე მიმდრეკნი, თავხედნი, დიდების მოყვარენი, თვალმგებნი და მოთაკილენი. ხოლო რომელნი მთათა შინა სცხოვრებენ, – მსგავსი ნადირთა, გარნა გონიერნი.

ხოლო შემოსილნი არიან ქართველნი და კახნი ერთრიგად: თავს სკლატისაგან ანუ შალისაგან ქუდი გრძელ-წვრილი, ბეწვებული, აფროსანი, ტანს კაბა ლარისა, სკლატისა ანუ ჩოხისა მუხლთ ქვემომდე, მასზედ სარტყელი, შიგნით საგულე ბამბიანი კაბის უმოკლე, პერანგი აბრეშუმისა, ბამბისა ანუ ტილოსაგან, უგრძე კაბისა, და კისერი სრულიად მჩენი; ნიფხავი აბრეშუმისა, ანუ ბამბისაგან, ანუ ტილოსა. არამედ ცხენსა ზედა მოსიათ საწრმართული და მოგვნი, თვინიერ მისსა – არა; ფერხთა პაიჭი და წუღა ტყავისა ანუ სკლატისა, ხოლო მაშია სპარსული; უმცირესთა – ჩუსტი და ქალამანი, კვალად ტყავ-კაბა კაბისაგან უმოკლე და ტყავი ზამთარს დიდი.

არამედ პირველ ერთმეფობასა შინა სცმიათ სხვაგვარ: თავს ქუდი გრძელი, რომლისა კუნჭული ბეჭსა ზედა მცემელი და გრძელბეწოსანი, პერანგი ბერული ტილოსი, საგულე და კაბა გრძელი კოჭამდე უღილოდ, მას ზედა სარტყელი ფოჩჩაშვებული, ტყავი დიდი სახელვიწრო და ფერხთა ზედა მოგვი, ვითარცა იცნობიან ნახატებთა ზედა.

ქალთაცა – მგზავსად, გარნა სარტყელთა წვერნი ჩაშვებულნი და მას ზეით კაბა-ახალუხი ამოჭრილი, და თვინიერ პერანგისაგან კიდე არარაჲ ჰფარავს, და პერანგი მჭვირვალი, ხორცის მჩენელი, უპაიჭოდ ნიფხავი და ფერხზედ წუღა-მაშია. ხოლო თავი ქალწულისა: კავნი თვისისავე თმისა ღაწვთა ზედა და ქუდი ანუ ლეჩაქი. არამედ ქრმოსანთა კავსა ზედა ღაწვს აძესთ თმა შეწნული, მსხვილი, იმიერ და ამიერ, და ყბას ქვეშ მარგალიტით შემზადებულს ამოიდებენ და თხემსა ზედა შიკვრნენ, და ჰბურავთ მასზედ ლეჩაქი.

კვალად სამკაულნი იციან მრავალგვარნი, ზოგნი თვისნი და ზოგნი სპარსთანი: ზამთარ კაცთა და ქალთა – ქათიბი, ტყავი და ტოლომა ბეწულენი, გარნა ქალთა კაბა და ტყავი – ვიდრე მიწადმდე.

ხოლო იმერთა მცირედ რაჲმე განიყოფების, არამედ ქუდი მცირე ნაჭრისაგან, რომელი არა ბურვით, გარნა მდებარე არს თხემსა ზედა, და ზამთარს მოსიათ ტოლომა ოსმალური.

ხოლო მესხთა დიდებულთა – ვითარცა ოსმალთა, და გლეხთა რომელთამე – ვითარცა ბერძენთა, და რომელთამე – ვითარცა ქართველთა გლეხთა.

 

წყარო: ვახუშტი ბაგრატიონი (ბატონიშვილი)
აღწერა სამეფოსა საქართველოსა (კაცთათვის)