17-18 საუკუნექართულიწყაროები

მეფე გიორგის წერილი იმპერატორ პავლესადმი

ქართლ კახეთის უკანასკნელი მეფე რუსეთის იმპერატორს. საინტერესო დოკუმენტი ქართლ-კახეთის რუსეთის მფლობელობაში შესვლასთან დაკავშირებით. | Last king of Eastern Georgia writing to Russian emperor Paul. An interersting document about Eastern Georgian and Russian relations of the end of 18th century.

წელსა ჩღჟთ, სეკდემბრის ზ. ჩვენ მიერ მოცემულნი წინაშე მათის იმპერატორების დიდებულების წასაყენებელნი აზრი–მოსაზრებანი, რომელიცა ჩვენგან წარვლინებულთა, ჩვენს ერთგულთ ყმათ, უფალთ დესპანთ მოგეცათ;

უმსხვერპლეთ ყოველი სამეფო და სამფლობელოჲ ჩემი უზაკველითა და ქრისტიანებრითა ჭეშმარიტებითა მსხვერპლებითა, და დაუდევით არა თუ მფარველობასა ქვეშე უდიდებულესსა დიდსა რუსეთისა საიმპერატოროსა ტახტსა, არამედ დაანებეთ სრულსა ნებასა და მზრუნველობასა მათსა, რათა ამიერიდგან დაიდვას სამეფო ქართლოსიანთა საიმპერიოდ რუსეთისად, წესითა მით ვითარცა სხვანი იგი რუსეთსა შინა პყრობილნი პროვინციანი სარგებლობენ.

შემდგომად მსხვერპლებისა, ყოვლად უმდაბლესად წარუდგინეთ იმპერატორსა დიდისა რუსეთისასა, რათა, ჟამსა მისგან საქართველოსა სამეფოს სრულსა ძალასა და ნებასა შინა თვისსა მიღებისასა, განამხნოს პუნკტსა ამას თხოვილი ჩემი ყოვლად უმოწყალესითა აღქმითითა წერილით ვითარმედ სახლსა შინა ჩემსა არა აღაყენოს მეფენი, გარნა ოდენ სამეფოს მემკვიდრითი–მემკვიდრეთ ვითარცა წინაპარნი ჩემი.

ეგრეთვე ითხოვეთ ყოვლად მოწყალისა ჴელმწიფისაგან ყოვლად უმდაბლესად, თქვენ მიერ მირთმეულითა წერილითა, ყოვლისა რუსეთისა იმპერიასა შინა საშესაბამო აგარაკნი, ჩემთვის და ძეთა ჩემთათვის, საბოლოოდ და სამკვიდროდ, რომლისაცა ბოძება იქმნების ჩემთვის უმწვერვალესისა შეკრულებისა ნიშნად.

მეფე სრულიად საქართველოჲსა გიორგი

ესრეთვე ითხოვეთ ჯამაგირიცა შესაბამისა სახითა შემდგომად სრულყოფისა ზემორე მოხსენებულთა აზრთასა.

მეფე სრულიად საქართველოჲსა გიორგი.